8 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეორე და მესამე კენჭისყრა შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა ტარდება და კენჭი ერთსა და იმავე კანდიდატს ეყრება.

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

კომისიის წევრები საზოგადოებას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 11:00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ხოლო 19.00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააცნობენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.