ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 179 313,86 ლარი გამოიყო. პროექტების ფარგლებში მთლიანად შენობის კაპიტალური რემონტი ჩატარდება, ასევე დამონტაჟდება საერთო გათბობის სისტემა. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს.
2016 წელს მე-3 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი ჩატარდა და 97 900 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს მეორედ 74 900 ლარის ფარგლებში გარემონტდა~.
20-25 დღეა შპს „ინტერი“ კაპიტალურ რემონტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორის სამველ რაისიანის თქმით, სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრეც დასრულდება.
Jnews-ი მშენებლებს ესაუბრა, ერთ-ერთი მათგანის თქმით, ამ წუთებში კედლებს ხატავენ და იატაკს ცვლიან.
კომპანია „ინტერის“ დირექტორმა ჯერ არ იცის დაგროვილ სამშენებლო ნარჩენებს (სამშენებლო ნაგავი) სად გაიტანენ.
წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო სოფელ კაჩოში, ბარალეთში, აზმანაში, კულიკამში, ასევე ქალაქის №1, №2, №3 საბავშვო ბაღებში საბავშვო სათამაშო კომპლექსების მოსაწყობად. მოგვიანებით ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით, ეს თანხა და კიდევ 29 313,86 ლარი ქალაქის მე-3 საბავშვო ბაღის რემონტისთვის გამოიყო.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაჰიტ ასატურიანის თქმით, მხოლოდ ის ბავშვები ივლიან ქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღებში, რომელთა მშობლები მუშაობენ.
„ყველას მიღება შეუძლებელია. ვცდილობთ ყველა ბავშვი მოვათავსოთ, ხანდახან მათი რაოდენობა აჭარბებს ბაღში დასაშვებ რაოდენობას, მაგრამ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არც ერთი ბავშვი არ დაზარალდეს“.
ახალქალაქის რაიონში ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, აქედან 3 ახალქალაქში, დანარჩენი სოფლებში.
წლის ბოლომდე საბავშვო ბაღები სოფელ კუმურდოსა და გოგაშენში გაიხსნება.