ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის ახალქალაქისკენ მიმავალი რამდენიმე მონაკვეთი უკვე დანგრეულია. არის ორმოები, რომლებიც მოძრაობას საფრთხეს უქმნის.
ახალციხე-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდა. გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 744 000.00 ლარი დაიხარჯა.
გზის რეკონსტრუქციიდან დაახლოებით 1 წელი გავიდა და ის უკვე იშლება.
იშლება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კედლის გარე ფენაც.
გზის პირას აშენებული ბეტონის წყლის არხები არ ფუნქციონირებს. ფაქტია, რომ ზემოდან ჩამოსული წყალი არა არხებით, არამედ გზის გასწვრივ მიედინება.
„ეს გზა ჯერ კიდევ საგარანტიო რეჟიმშია, ჩვენ მივმართეთ საგზაო სამმართველოს და მივიღეთ პასუხი, რომ სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას აქვს საგარანტიო თანხა და უახლოეს მომავალში აღმოფხვრის ყველა დეფექტს ამ გზაზე. ახალციხე-ახალქალაქის გზას ჯერ კიდევ აქვს ერთწლიანი საგარანტიო ვადა“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-სთან საუბრისას.
ახალციხე-ახალქალაქის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება