ბოლო წლებში ახალქალაქში აქტიურად დაიწყო გავრცელება არაფორმალური განათლების ფორმამ, რომელმაც დააინტერესა არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ არაფორმალური განათლების განმახორციელებელი ორგანიზაციებიც.

Jnews-ი ესაუბრა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგებში და ამ გზით ცდილობენ თავიანთი უპირატესობების ჩვენებას და ინტერესების შევსებას. არაფორმალური განათლება მოიცავს სხვადასხვა თემებს, როგორიცაა ეკოლოგია, ჯანმრთელობა, მედიაწიგნიერება, პოლიტიკა, განათლება და ა.შ.

20 წლის ჟანა ჩოგანდარიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, პირველი სპეციალობა ინგლისურია, მეორე კი ბიზნეს-მენეჯმენტი. მაგრამ ის ასევე დაინტერესებულია მედიაინდუსტრიით. მან დაიწყო არაფორმალური განათლების მიღება მოზარდობაში. მისი თქმით, იმ დროს საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა სტერეოტიპების გამო, უხერხული იყო ტრენინგებში ან რაიმე სახის ღონისძიებებში მონაწილეობა, მაგრამ მან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მათში მონაწილეობა, შემდეგ კი მისი თანატოლებისთვის თავად დაიწყო შეხვედრების მოწყობა.

„ახალქალაქის გარდა, თბილისშიც გავიარეთ გადამზადება, რათა ტრენინგები სხვადასხვა სოფლებში ჩაგვეტარებინა. მშობლები მხარს მიჭერენ და მამხნევებენ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ფული არაფორმალური განათლების წყალობით ვიშოვე, მაგრამ ბევრ პროგრამას ნებაყოფლობით ვაწარმოებ“, – ამბობს ის.

ჟანა ასევე საუბრობს სკოლაში მიღებულ ცოდნაზე, მის არასრულყოფილებაზე და არაფორმალური განათლების საშუალებით დანაკლისის შევსებაზე და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით მეტი ინფორმაცია მიიღო, კერძოდ, როდესაც სკოლა ონლაინ-ფორმატში ტარდებოდა.

ჟანა ამჟამად მონაწილეობს მსოფლიო რელიგიების კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში.

„ჩვენი მიზანია გავაცნოთ მონაწილეებს მსოფლიო რელიგიები, ეს კურსები სამი თვე გაგრძელდება“, – ამბობს პროგრამის კოორდინატორი რუსუდან აბციაური.

ძირითადად, ტრენინგების თემებია ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, მაგრამ თუ მონაწილეებს გაუჩნდებათ დამატებითი თემების გაცნობის სურვილი, შეუძლიათ ამის გაკეთება ამ პროგრამის ფარგლებში.

„სკოლაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები გარკვეულ თემაზე, მაგალითად, რელიგიაზე და არაფორმალური განათლების საშუალებით ვცდილობთ ამ დანაკლისის შევსებას. რაც შეეხება ზოგადად არაფორმალურ განათლებას, მიმაჩნია, რომ ის კარგ შესაძლებლობას იძლევა გარკვეულ სფეროებში ცოდნის გასაძლიერებლად, გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანების კრიტიკულ აზროვნებაზე, განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ბარიერებია“, – ამბობს პროგრამის კოორდინატორი რუსუდან აბციაური.

ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდაა ასევე რაისა ზანდარიანი სოფელ ხულგუმოდან, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეა და მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებში.

„ჩემი აზრით, ადამიანმა კითხვის გარდა, ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაშიც უნდა გამოიყენოს, რის შესაძლებლობასაც იძლევა არაფორმალური განათლება. რა თქმა უნდა, სკოლაში ვსწავლობთ სხვადასხვა მასალებს და ლიტერატურას, მაგრამ ხშირად არ ვიყენებთ, ჩემს ირგვლივ ახალგაზრდების უმეტესობას აინტერესებს ტრენინგები, მაგალითად, მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ერთად ვმონაწილეობთ“, – ამბობს რაისა.

ერთ-ერთი ახალი პროგრამა, რომელიც ახლახან დაიწყო, არის „კრიტიკული აზროვნების სკოლა ჯავახეთში“, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის მთავარი მიზანია კრიტიკული ცოდნის გაზიარება ახალგაზრდა აქტივისტებთან და საზოგადოების ლიდერებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური სამართლიანობით, თანასწორობითა და დემოკრატიით, ასევე შექმნან პლატფორმა კოლექტიური განსჯისა და საერთო მოქმედებისთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა თამთა მიქელაძემ Jnews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სამიზნე ჯგუფად სამცხე-ჯავახეთი შეირჩა, რადგან, მისი თქმით, ადგილობრივი აქტივისტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში რეფორმებისთვის. სკოლაში სწავლის შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მქონე ან ბოლო კურსის 20-35 წლის 25 ადამიანს მიეცა.