დაახლოებით სამი კვირაა, ახალქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა ორმოების აღმოსაფხვრელად არის გათხრილი, თუმცა ასფალტის სამუშაოები არ მიმდინარეობს. პრობლემა ბიტუმის ნაკლებობაა.

მძღოლები ჩივიან, რომ ქალაქში არ არსებობს ქუჩა, რომელიც არ არის გათხრილი, სამუშაოები არ მიმდინარეობს, გამუდმებით ხვდებიან ორმოებში, რადგან ორმოებს ვერანაირად ვერ შემოუვლი. მძღოლებისთვის ასფალტის მოჭრილი მონაკვეთები გაცილებით უარესია, ვიდრე დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ორმოები, რადგან მოჭრილ მონაკვეთებს აქვთ ბასრი კიდეები და აფუჭებენ მანქანების ბორბლებს.

ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ ბიტუმთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ უკვე მოგვარებულია. სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს.

„ჩვენი ინიციატივა იყო ცენტრის სრული დემონტაჟი, ასევე მთლიანად მოვახდინეთ თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟი, რის შემდეგაც ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა დავაგეთ. ვინაიდან გარემონტებულ უბნებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, მერიის წინ ტერიტორიაც გარემონტდება, ამიტომ გადავწყვიტეთ ასფალტის მთლიანად მოხსნა, რომ ნორმალური ასფალტის დაგება. სამუშაო ცოტა გაჭიანურდა, ყოველდღიურად მაქვს შეხება “ჯავახავთოგზა” კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ახლა ბიტუმის პრობლემა აქვთ, ბიტუმი დღეს შემოიტანეს და მათი თქმით, ხვალ მთავარი ქუჩიდან დაიწყება სამუშაოები, შემდეგ სხვა ქუჩებში გადაინაცვლებენ“, – თქვა მერმა.

“ჯავახავთოგზას” წარმომადგენელმა ჯაბა ძირკვაძემ თქვა, რომ ბიტუმის პრობლემა ამ სეზონზე თითქმის ყოველწლიურად ჩნდება.

„უკვე დიდი ხანია აზერბაიჯანიდან ბიტუმი ძირითადად ამ სეზონზე აღარ შემოდის და რადგან ბიტუმი არ არის, მუშაობას ვეღარ ვაგრძელებთ. როგორც მითხრეს, ბიტუმი ერთ-ორ დღეში იქნება და სამუშაოები გაგრძელდება“, – თქვა მან.