რამდენიმე დღეა ახალქალაქსა და სოფლებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანები სასმელი წყლით იწამლებიან. მოსახლეობა ერთმანეთს მოუწოდებს, ან წყალი დალიონ ადუღების შემდეგ, ან იყიდონ მაღაზიაში. Jnews-მა შეეცადა გაერკვია რეალურად არის თუ არა ინფექციის შემთხვევები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი ამბობს, რომ კლინიკაში წყლით მასობრივი მოწამვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ჩვენს საავადმყოფოში წყლის გამო მოწამვლა არ ყოფილა, არც ერთი შემთხვევა. ერთი-ორი მოწამვლის შემთხვევა გვქონდა, როცა ბავშვები იყვნენ, მკურნალობა გაიარეს და გავწერეთ. ბევრმა დამირეკა და მკითხა, იყო თუ არა ასეთი შემთხვევები, ფაქტობრივად, არ არის, ამ მხრივ კლინიკაში მშვიდი ვითარებაა“, – ამბობს გაიანე ფიდანიანი.
ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ამ სეზონზე მოსალოდნელია მოწამვლის შემთხვევები, რადგან, მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ ჭუჭყიანი ხელებით რაღაც შეჭამონ, რამაც შეიძლება ორგანიზმში კუჭის სხვადასხვა ვირუსი გამოიწვიოს.
„ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, წელიწადის ამ დროს ბავშვები ყოველთვის გარეთ არიან, თამაშობენ, არ იბანენ ხელებს, გაურეცხავ ხილს ჭამენ. მათ შეუძლიათ დალიონ წყალი ბოთლიდან იმავე ჭუჭყიანი ხელებით და დაინფიცირდნენ, ოღონდ ხელზე არსებული ბაქტერიებიდან და არა წყლისგან. ზაფხულის სეზონზე საკმაოდ ბევრი გვაქვს ნაწლავური ინფექციების შემთხვევები, ხშირია აფეთქებები, ძირითადად კვების ხასიათისა. მაგალითად: კრემიანი ტორტები საშიშია, თუ არ ინახება მაცივარში, ეს ეხება ხილსაც და კერძებსაც“, – ამბობს ეპიდემიოლოგი.
ექიმი ამატებს, რომ ნაწლავის დარღვევა ადვილად განკურნებადია.
„მოწამვლისას პირველადი დახმარება ნაწლავების გამორეცხვაშია, ანუ ორგანიზმს უნდა მისცეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან და სისხლიდან გამოვიდეს შხამები და პათოგენები. მკურნალობა მარტივად შეიძლება ჩატარდეს სახლში. ჩვენი მთავარი რჩევაა, დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მარილიანი ხსნარები, მაგალითად, იგივე მინერალური წყლები, შეგიძლიათ დალიოთ გაზის გასვლის შემდეგ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დალიოთ ელექტროლიტების შემცველი სითხეები, რომლებიც შხამს გამოდევნიან ორგანიზმიდან“.
გაიანე ფიდანიანის თქმით, თუ მოწამვლა უფრო რთულია, მაშინ იგივე მკურნალობა ტარდება საავადმყოფოში, ინფუზიის სახით, ანუ კეთდება წვეთოვანი ინექცია.
ეპიდემიოლოგი ხაზს უსვამს, რომ თუ მასობრივი მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა, აუცილებლად გააფრთხილებენ, რომ წყალი შემოწმდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, რაიონის ზოგიერთ სოფელში მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება. ბავშვებში გულისრევა, ზოგადი სისუსტე, დიარეა. აღინიშნება მოზრდილებშიც, არიან ისეთებიც, რომლებიც ამჟამად იღებენ წვეთოვან ინექციებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა თქვა, რომ წყლის მოწამვლის შემთხვევები გამორიცხულია.
„ჩვენ ყოველთვის ვაზავებთ წყალს ქლორით, 100 პროცენტით გამორიცხულია წყლის გამო მოწამვლის შემთხვევები. გვყავს ლაბორანტი, რომელიც მუდმივად ამოწმებს წყალში ქლორის თვისებებს, რაც ხელს უშლის წყალში ბაქტერიების გამრავლებას“, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ ყველა სოფელში სასმელი წყალი ქლორირებულია, არის სოფლები, სადაც სპეციალური გრაფიკია განსაზღვრული, არის სოფლები, სადაც ის მუდმივად წვეთოვანი გზით არის დაკავშირებული. როდესაც ქლორის თვისებები ამოირეცხება წყლიდან, მას ისევ უმატებენ, ნორმის ფარგლებში.