6 აგვისტოს წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალის მოხალისეებმა ამირანის გორის ტერიტორიაზე ლაშქრობა მოაწყვეს, რომლის მთავარი მიზანი სამოქალაქო ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლება იყო.
10-მდე მოხალისე ლაშქრობისთვის დილით ადრე გავიდა და ერთმანეთს გაუზიარა პირველადი დახმარების ცოდნა. წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალის ხელმძღვანელ ჰნაზიკ ავეტისიანის თქმით, კამპანიის მთავარი მიზანი იყო, მოხალისეებს ქალაქის მცხოვრებლებისთვის მაგალითი მიეცათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ.
„იმავდროულად, ერთმანეთისგან ვსწავლობთ პირველადი დახმარების გაწევას. მაგალითად, ტყეში, როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციებში, თუ არის დაშავებული და არ არსებობს დამხმარე საშუალებები”.
მოხალისეებმა ამირანის გორის ტერიტორია შეგნებულად აირჩიეს, რადგან ეს ადგილი ახალქალაქელებისთვის დასასვენებელი ადგილია და ნაკბენის ან დამწვრობის მიღების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ერთ-ერთი მოხალისე დიანა საარიანი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ჯგუფში მოქალაქეების ჩართვას გეგმავენ, რათა სანდო ინფორმაცია მიაწოდონ.
ლიდა ალმასიანი