დღეს, შუადღისას, სოფელ აგანას მცხოვრებმა ანდრანიკ ქეროფიანმა საკუთარ ეზოში დაჭრილი ჩიტი იპოვა. თავიდან იშვიათი ნაცრისფერი წერო ეგონა, მაგრამ ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიდან, წინასწარი შეფასებით, თქვეს, რომ წერო არ იყო.
ანდრანიკ ქეროფიანმა შენიშნა, რომ ეზოში ძაღლები ხმამაღლა ყეფდნენ. მიახლოებისას ჩიტი შენიშნა. სახლში შეიყვანა, აჭამა. ფრინველს ფრთა აქვს მოტეხილი.
როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიდან გვაცნობეს, არ აქვთ შესაბამისი სერვისი, რომ ფრინველი სამკურნალოდ წაიყვანონ. თუმცა, მპოვნელს სთხოვეს გამოკვებოს და მიხედოს მას, სანამ შესაძლებლობა იქნება და ფრინველს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანენ, სადაც მას პროფესიონალურ დახმარებას გაუწევენ.