მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.

შამუგია აქამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი, რა პოზიციასაც ინარჩუნებს.