“ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ.
რადგან 2021 წელს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის წევრების ბოიკოტს, რაც გამოიხატებოდა სხდომებეზე არდასწრებასა და პარლამენტში საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმაში, რთულია შევაფასოთ ოპოზიციის სიტყვით გამომსვლების მაჩვენებელი. ამიტომ ძირითადად უმრავლესობის/მმართველი პარტიის წევრთა აქტიურობაზე ვკონცენტრირდებით.
2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.
თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია. მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის 4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
თანამდებობის მიხედვით პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურება:
-
პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;
-
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;
-
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;
-
კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;
-
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი;
-
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი;
-
პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი