ახალქალაქელი მოკრივეები წლის ბოლო საერთაშორისო ჩემპიონატიდან ჯგუფური შემადგენლობით გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
15-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ერევანში, საერთაშორისო ტურნირი კრივში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები სომხეთიდან, საქართველოდან, ირანიდან, უკრაინიდან, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების მონაწილეები და მედალოსნები.
საქართველოს ნაკრებში 12 სპორტსმენი შედიოდა, მათგან 3 ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეა. არტუშ გომციანი (60 კგ წონით კატეგორიაში), არშაკ ელიზბარიანი (75 კგ წონით კატეგორიაში) და არტიომ იორდანიანი (86 კგ წონით კატეგორიაში). ჯგუფურ შემადგენლობაში ჯერ უკრაინელ სპორტსმენებთან იბრძოდნენ, მეორე დღეს კი – ირანელ სპორტსმენებთან. გუნდური გამარჯვების შემდეგ ისინი ფინალში სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. მათი პირადი მწვრთნელი, ატომ ელიზბარიანია.
„ძალიან ვაფასებ ჩვენი ბიჭების ვარჯიშს, 2-3 გამარჯვება მოვიპოვეთ, სამწუხაროდ, იყო ტრავმებიც, რის გამოც, რამდენიმე შერკინება არ შედგა. ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ქულები მოუტანეს. საბოლოოდ, გუნდურ ტურნირში ადგილი მხოლოდ სომხეთის ნაკრებთან დავკარგეთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კრივის ფედერაციას, ახალქალაქის მერიას და ჩვენს თანამემამულე-ქველმოქმედ ედგარ არამიანს ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის“, – განაცხადა jnews-თან საუბრისას ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, ატომ ელიზბარიანმა.
სომხეთში გამართულ შეჯიბრებებს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, მწვრთნელები და პროფესიონალი კრივის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.