ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.
ასევე, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა.
კერძოდ, ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატ გია ცაცაშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ათი წინააღმდეგ წავიდა. კიდევ ერთ კანდიდატს, ლელა ტალიურს კი მხარი დაუჭირა 18-მა დეპუტატმა, ორი წინააღმდეგი იყო.
თამარ სართანიას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა. მაია ზარაძეს მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, ათი წინააღმდეგი იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება. იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა კვლავ ვერ მოხდა, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.