საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს(TI) ცნობით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად ჩანს, რომ ქონებრივ დეკლარაციებს თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს.
ორგანიზაციის თქმით, დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა რაოდენობა 2020 წელს 52%-ს მიაღწია.
ამასთან, ორგანიზაციის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმების რაოდენობამ მოიმატა იმის მიუხედავად, რომ თანამდებობის პირებს რამდენიმე მიმართულებით შეუმსუბუქდათ დეკლარირების ვალდებულება, მაგალითად: შემოღებულ იქნა არაარსებითი დარღვევის ცნება, რომელიც ჯარიმის მაგივრად გაფრთხილებას ითვალისწინებს; ასევე დარღვევად აღარ ითვლება, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციაში არ მიუთითებს ისეთ კომპანიას, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ბრუნვა.
TI-ის ცნობით, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ორგანიცია აღნიშნავს, რომ ეს თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას.
TI-ის თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:
რუსლან აბაშიძე– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)
ოთარ ჩალათაშვილი– საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)
ნონა რეხვიაშვილი– ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)
რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა შინაარსს, TI-ის ცნობით, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაჯარიმებული თანამდებობის პირების (178) ნახევარზე მეტი არასრულად ან არასწორად ასაჯაროებს მისი ან მისი ჯახის წევრების შემოსავლებს (69.1%) და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას (56.4%).
თითქმის ნახევარი არასრულად უთითებს უძრავ ქონებას (46.3%), ყოველი მესამე არასრულად უთითებს სამეწარმეო საქმიანობას (35.6%), ხოლო ყოველ მეხუთეს არასრულად აქვს დეკლარირებული დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია (21.8%).