ნინოწმინდაში, სოფელ ეფრემოვკაში დაკავებული მამა–შვილის ოჯახის წევრები სამი პირის ფერმაში იძულებით მუშაობას კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, სომხეთის მოქალაქეები სოფელში ექვსი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ პერიოდში უკმაყოფილება არასდროს გამოუთქვამთ. იგივეს ადასტურებენ ეფრემოვკაში მცხოვრებლებიც. ადგილობრივები დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ.

ტრეფიკინგში ბრალდებული ბ.წ. და მ.წ. სამართალდამცავებმა 13 მარტს დააკავეს, პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეფრემოვკაში მცხოვრებმა მამა–შვილმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და-ძმა – ა.გ. და ა.გ. 2015 წელს, ხოლო ჰ.კ. 2016 წელს კარგი სამუშაო პირობების და ანაზღაურების დაპირებით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საკუთარი ტრანსპორტით ჩამოიყვანეს. სამივე პირი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში, მათ საკუთრებაში არსებულ საქონლის ფერმაში მიიყვანეს და მუქარით და იძულებით 2021 წლის 9 მარტამდე შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბ.წ. და მ.წ. დაზარალებულებს გაუსაძლის, მონობის თანამედროვე პირობებში ამყოფებდნენ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაკავებულის მეუღლე მ.წ. იგი ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს ფერმაში კარგი საცხოვრებელი პირობები და ხელფასი ჰქონდათ.

„და–ძმა და კიდევ ერთი კაცი ჩემმა მეუღლემ ექვსი წლის წინ ჩამოიყვანა, ადრე მათი ნათესავი მუშაობდა ჩვენთან და იმას უთქვამს არც სახლი აქვთ და არც სამსახური და დაეხმარეო. ორი სახლი მივეცით საცხოვრებლად, და–ძმა ცალკე ცხოვრობდა, ის კაცი კი ცალკე. და–ძმა მწველავად, კაცი კი მწყემსად მუშაობდნენ, 70 სული ძროხა მყავს. როგორც ვიცი 400–400 ლარს იღებდნენ. არასდროს არ გვქონია კონფლიქტი, ან წინააღმდეგობა. ოთხი წლის ბავშვიც ჰყავდათ და ისე ვუვლიდი, როგორც ჩემსას. ასე რატომ გაგვიკეთეს ვერ გავიგე, არ ველოდი“, – ამბობს დაკავებულის მეუღლე.

დაკავებულების მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს ამავე ფერმაში დასაქმებული ვართუშ ბაბოიანი. იგი ამბობს, რომ მამა–შვილი სამივე მათგანს ხელფასს დროულად უხდიდა და კარგ პირობებში ამყოფებდა.

„15 რიცხვში ვიღებთ ხელფასს, ჩემთან ერთად იღებდნენ ისინიც. 25 წელია აქ ვმუშაობ ცუდი ადამიანი, რომ ყოფილიყო ამდენი ხანი აქ გავჩერდებოდი? არასდროს არ დაუწუწუნიათ. კაცს, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 8 მარტს სოფლის მოსახლეობასთან უქეიფია, მერე ამდგარა და ნასვამი წასულა საზღვართან და იქ უთქვამს ცუდად მექცეოდნენო. ექვსი წელი აქ ცხოვრობდა, აქამდე არაფერს ამბობდა და ახლა რატომ გადაწყვიტა რომ მონობაშია? ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, კარგად იცმევდნენ, დადიოდნენ ნინოწმინდაში კაფეებში, ქეიფობდნენ, ხალისობდნენ. მე გამომძიებელთანაც ვთქვი, რომ ეს ყველაფერი მათი მოგონილია“, – ამბობს ვართუშ ბაბოიანი.

ამავე სოფელში მცხოვრები ნარეკ ბაბოიანი ამბობს, რომ და–ძმას „მსგავსი ტყუილის მოგონება“ სომხეთში წასასვლელად დასჭირდათ.

„მათი საბუთები დედამისს აქვს სომხეთში, ადრე იყო ჩამოსული და წაიღო. უსაბუთოდ ვეღარ მიდიან და ამიტომ მოიგონეს მსგავსი რამ. დაკავებულები მათზე არ იძალადებდნენ, რადგან მეც მიმუშავია მაგ ფერმაში და ვიცი“, – ამბობს იგი.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ თუ შსს დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ აქციას გამართავს.

„მათი ტყუილის გამო დააკავეს მამა–შვილი, ასე როგორ შეიძლება?! როგორც ვიცით ახალციხეში ჰყავთ. ჩამოვალთ და აქციას მოვაწყობთ. მთელი სოფელი გამოკითხონ, ჩვენ ყველამ ვიცით აქ რა და როგორ ხდებოდა“, – ამბობს ეფრემოვკაში მცხოვრები სასნუი ლულუკიანი.

შსს–ს განცხადებით, სამართალდამცველებისთვის მამა–შვილის დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყაქრო: http://sknews.ge/