პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოთა სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა, რამაც 2 000-ს გადააჭარბა, იძლევა “ფრთხილი ოპტიმიზმის” საფუძველს.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესი სრულად მართვადია, ეფექტიანად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, პროცესი შეუფერხებლად მართონ.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა 1 მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. მე, კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადის ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში და პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან – რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების და ეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ 2,197 მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, რაც ინფიცირებულთა 44% -ს შეადგენს. საერთო ჯამში საქართველოში ინფიცირების 33,858 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო დღის განმავლობაში ჩატარდა 9 126 ტესტი. გამოვლენილია კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა.

ამჟამად ქვეყანაში 18,750 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4,022 მკურნალობს კლინიკებში, თბილისში – 2012, აჭარაში – 673. კოვიდსასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 824 აჭარაში და 1250 თბილისში. 12 384 მკურნალობს სახლში.