ჰაიკ რსტაკიანი, რომელსაც სამველ მანუკიანი მასზე თავდასხმაში და ცხვირის გატეხვაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს და იწრმუნება, რომ დეპუტატობის კანდიდატთან 7 მეტრზე ახლოს არ მისულა.

25 ოქტომბერს გვიან ღამით სოფელ დიდ სამსარში მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაწილეობით დაპირისპირება მოხდა, მას სახის არეში დაარტყეს, მის ავტომობილს კი ქვა ესროლეს.  კანდიდატის თქმით,  თავდამსხმელი ჰაიკ რსტაკიანია, რომელიც დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ენზელ მკოიანის დავალებით, მისი მისამართით პროვოკაციას აწყობდა.

თვით ჰაიკ რსტაკიანი ამტკიცებს, რომ 25 ოქტომბერს საღამოთი, დაახლოებით 23:00 საათზე, პირიქით, შვილის თანდასწრებით კანდიდატის მომხრეებმა ცემეს. მისი თქმით, ის გუშინ გვიან ღამით სამსარში მივიდა, რათა ბიძას რუსეთში მეორე ბიძის გარდაცვალება მოუსამძიმროს. გაიგო, რომ ნათესავი კლუბშია, იქ გაემართა.

“როდესაც სამველ მანუკიანი ვნახე, ვუთხარი: – ენზელი ბუნებრივი აირის გაყვანას დაგვპირდა, შენც გააკეთე რამე კარგი სოფლისათვის”. მან მკოიანის მისამართით გინება დაიწყო, მე არ ვუპასუხე და გასვლა მინდოდა, ამ მომენტში, მახსოვს, ჩემი ნათესავი თითით დამემუქრა და მომიახლოვდა. მერე არაფერი მახსოვს, მახსოვს ის მომენტი, რომ მიწაზე დამაგდეს და რამდენიმე ადამიანი მცემდა. მახსოვს, რომ ჩემს ბიჭს უნდოდა ხელის შეშლა, რომ არ ვეცემე, თუმცა დააკავეს და დაარტყეს კიდევაც, მერე აღარ მახსოვს”, – ყვება ჰაიკ რსტაკიანი.

ჰაიკ რსტაკიანის თქმით, ცემის შემდეგ მიუახლოვდა სამველ მანუკიანი, თითის ქნევით უთხრა, რომ ის სამველ მანუკიანია და შეიგინა, შემდეგ კი მხარდამჭერებთან ერთად წავიდა.

“იქ ბევრი ხალხი იყო, მე მათ სახეებზე ვცნობ. მათ შორის იყვნენ სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი, საკრებულოს დეპუტატი. შემდეგ, როდესაც წამომაყენეს, ისინი აღარ იყვნენ. სოფლის მოსახლეობიდან იყო ბევრი, მათ შეეძლოთ ჩემი ცემა არ დაეშვათ. ჩვენ, ცოტახანი დავისვენეთ და სახლში წავედით. როდესაც მივდიოდით, თქვეს, რომ პოლიცია იყო მოსული და სისხლის კვალს ასუფთავებდა”, – ამბობს ჰაიკ რსტაკიანი.

რსტაკიანის თქმით, მას იმის გამო სცემეს, რომ ენზელ მკოიანის მომხრეა, მისი შტაბის გახსნაზე გამოვიდა სიტყვით და გარდა ამისა, სამსარელებსა და ენზელ მკოიანს შორის შუამავალი იყო.

“მე სოფლის მოსახლეობას ვუთხარი, რომ თუკი ხმას ენზელ მკოიანს მისცემენ, ის სოფელში ბუნებრივ აირს გაიყვანს. სოფლის მოსახლეობას, თავის მხრივ, სურდა, რომ არჩევნებამდე მას მილები სოფლამდე მიეყვანა. ენზელ მკოიანმა უარი თქვა და უთხრა, რომ ეს ახლა კანონდარღვევა იქნება და ბუნებრივი აირის გაყვანას არჩევნების შემდეგ დაჰპირდა. მათ ეს იცოდნენ. ეს 15 დღის წინ იყო. მე ვუთხარი, მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ. სოფლის მოსახლეობამ უკვე იცის საკუთარი სარგებელი და, ალბათ, მანუკიანის ჯგუფმა გაიგო, რომ ამ მიმართულებით წინსვლა არის”, – თქვა ჰაიკ რსტაკიანმა.

იგი ასევე უარყოფს თანხის აღებას და ამბობს, რომ ენზელ მკოიანის შტაბში მისი დასაქმება სურდათ, თუმცა მან უარი თქვა, რადგან ამისთვის ბანკში ანგარიშის გახსნა იყო საჭირო.

“ბანკთან პრობლემები მქონდა და ახლა არავითარ შემთხვევაში ბანკში არ მივალ. მე მას ასეც ვუთხარი, თუმცა იქვე ვუთხარი, რომ ანაზღაურება მჭირდება. ადამიანი, რომელსაც ჯგუფთან ერთად შეუძლია ჩემს სოფელში მე  და ჩემს შვილს გვცემოს, დეპუტატი ვერ გახდება. გარდა ამისა, ჩემს პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევიან. სოფელში მე პატივს მცემენ და ვის დაკრძალვაზე მივალ და ვისზე არა, ეს ჩემი პირადი საქმეა”, – ამბობს ის.

ჰაიკ რსტაკიანმა რაიონულ საავადმყოფოს გუშინ, 26 ოქტომბერს მიმართა. ინციდენტის დღეს მან ვერ მოახერხა. მისი მეუღლის თქმით, გუშინ 5-6-ჯერ დარეკეს 112-ში, თუმცა სასწრაფო არ მივიდა, ამის შემდეგ სავადმყოფოში თავად მივიდა, სადაც თავის გამოკვლევა (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ჩაუტარეს, წნევა გაუზომეს, რომელიც ძალიან მაღალი იყო, შემდეგ სახლში გაუშვეს, რადგან საავადმყოფოში არ არის ნეიროპათოლოგი, ის აპირებს ახალციხეში ექიმთან წასვლას.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო,  რაც გულისხმობს სასჯელს “ძალადობაზე” და “ნივთის დაზიანება, ან განადგურებაზე”.

შეგახსენებთ, რომ სოფელ სამსარში 25 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სოფელ სამსარში მას თავს დაესხა ჰაიკ რსტაკიანი, რადგან ის და მისი ჯგუფი მსუბუქი შეკამათების დროს პროვოკაციას არ აყვნენ. მანუკიანის თქმით, თავდამსხმელი იყო ჰაიკ რსტაკიანი, რომელიც ენზელ მკოიანის განკარგულებით მოქმედებდა. მკოიანმა, თავის მხრივ, უარყო აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ სამველ მანუკიანიც და ენზელ მკოიანიც საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიან კენჭს, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება. მანუკიანი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატია, ხოლო ენზელ მკოიანმა საკუთარი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით მას შემდეგ წამოაყენა, რაც მმართველმა პარტიამ ის სიაში აღარ ჩასვა. 2016 წლის არჩევნებში ორივე კანდიდატი იყრიდა კენჭს და პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით შევიდნენ.