მომდევნო კვირაში, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადავლენ.

როგორც მთავრობის საკოორდინაციო სხდომაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული.

“იმ სკოლებში, სადაც ასე ხდება არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმშზე. ეს დროებითია და მხოლოდ იმ სკოლებში ხორციელდება, სადაც საარჩევნო უბნებია”, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მაღალი კლასების მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდნენ.

“მე-7-დან მე-12-ე კლასების ჩათვლით მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ცხადია ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში მოხდება. კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას, რომ აუცილებელია სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების დაცვა. აქვე მინდა შევახსენო, განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა, ონლაინ მეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სწავლას, მაგრამ თუ კონკრეტული ოჯახი აირჩევს ონლაინ რეჟიმს, მათ ეს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში აქვთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.