პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა- ამჯერად ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე საქართველოს შსს-ს უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გვაცნობა.

ბოლო დღეებში ქვემო-ქართლის რეგიონში “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის ორჯერ მოხდა შეკამათება. 27 სექტემბერს წინასაარჩევნო პლაკატების გამო მასობრივი ჩხუბი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ჩაიხანა”-ში მოხდა, სადაც დაახლოებით 10 ადამიანი დაზარალდა.

29 სექტემბერს სიტუაცია მარნეულში გამწვავდა. ოპოზიციამ “ქართული ოცნება” რაიონული საარჩევნო კომისიის საკუთარი წევრებისგან დაკომპლექტებაში დაადანაშაულა. დაზარალებულებს შორის მაშინ არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივისტები, არამედ ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.

ორი პარტიის ლიდერები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პასუხისმგებლობა ერთმანეთზე გადააქვთ.

დილით ადრე ცნობილი გახდა, რომ პიროვნებათა ჯგუფის მიერ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია “ქართული ოცნების” აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე და მარნეულის მერიის თანამშრომელი გიგა ჯალაღონია. ისინი 29 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ცემაში დაადანაშაულეს.

დღეს დააკავეს ლაშა ქველაძე- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, რომელიც მარნეულში ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. შსს-ში აღიარებენ, რომ მას შალამბერიძე სცემდა. ამავდროულად გამოძიება ამტკიცებს, რომ მანამდე ქველაძემ საარჩევნო კომისიის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდა ამისა, დაკავებულია სოფელ ნახიდურის მცხოვრები და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი არიფ იუსუბოვი. დადასტურდა, რომ ჩხუბის დროს მან ბლაგვი საგნით “ქართული ოცნების” რამდენიმე მომხრეს დაარტყა.

ქველაძისა და იუსუბოვის დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შსს-ს მოადგილემ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მომხრეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან.

“შსს-ს ამოცანაა- მართლ-წესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ, სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. სამინისტრო არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე”,- განაცხადა ბორცვაძემ.