დღეს, 17 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი, პარტია “თავისუფალმა საქართველომ”, რომელსაც კახა კუკავა ხელმძღვანელობს, დეპუტატობის კანდიდატად სამველ ეგიაზარიანი დაასახელა.

– მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია “თავისუფალი საქართველოს” მიერ დასახელდით, როგორ მოხდა ეს? 

– ეს პარტია ახალქალაქში 2014 წლიდან მოქმედებს. მათ პირველივე დღიდან ვიცნობ. მათთან კავშირს დღემდე ვინარჩუნებ. მე მათ არ ვუღალატე და ეს არის პირველი მიზეზი იმისა, თუ ჩემზე რატომ შეაჩერეს არჩევანი. მეორე, კახა კუკავამ დღეს წარდგენაზე თქვა, რომ ვარ პრინციპული, მოწესრიგებული, ავტორიტეტული. ისინი სხვებში არჩევდნენ და ეძებდნენ შესაბამის კანდიდატს, მაგრამ მე ამირჩიეს, რადგან ჩემში ნახეს მოწესრიგებული და სამართლიანი ადამიანის ძალა. ხოლო მე ისინი ავირჩიე, როდესაც მათ პროგრამას გავეცანი და გავიგე. მაგალითად, უკვე 2 წელია მათ ლიცენზიის პროგრამა აქვთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე აუცილებელი წამლები – გულის, წნევის, დიაბეტის და ა.შ, რომლებიც აფთიაქებში ძვირია, მათთან 5-6-7-ჯერ იაფია და ისინი წამლებს აწვდიან მოსახლეობას.

– ანუ, თავის მხრივ, თქვენს პარტიას ფარმაცევტული ბიზნესი აქვს?

– არა, ეს ბიზნესი არ არის. მოსახლეობას ეხმარებიან, რათა ავადმყოფებმა, პენსიონერებმა, სოციალურად დაუცველმა პირებმა ბევრი თანხა არ დახარჯონ. ეს იმისთვის, რომ თვითღირებულებით მოსახლეობას სახლში მიაწოდონ. ჩვენ აფთიაქები არ გვაქვს, უბრალოდ ხალხს ვეხმარებით, რათა სოციალურად რთულ პირობებში შეძლებისდაგვარად ამოვუდგეთ მხარში.

– როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს? 

– ვფიქრობ, ნორმალური უნდა იყოს. მართალია, ამჟამად ზუსტად ვერ გეტყვით- 100%-ით, აი, ამდენი ხმა მექნება, რომ ბარიერს გადავლახავ, ან მსგავსი რამ. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქალაქი სამართლიანი იქნება, ვინც მიცნობს, ისინი, ვინც სწორ გზებს ეძებს. მე არ ვწყვეტ, წყვეტს ამომრჩეველი. რადგან ჯერ თვენახევარი გვაქვს, გვინდა სახლებში ბუკლეტები დავარიგოთ სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე. ჩვენს პროგრამას გავაცნობთ მოსახლეობას, ყველა ოჯახს. დანარჩენს ამომრჩეველი გადაწყვეტს.

– თქვენ წინასაარჩევნო აგიტაცია ჯერ არ დაგიწყიათ?

– ჩემი კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა იყო დღეს. დილიდან 100%-ით იმოქმედებს ჩვენი ოფისი და, როგორც ვგეგმავ, წინასაარჩევნო აგიტაცია შემდეგი კვირიდან დაიწყება, ჩვენ სოფლებში ვივლით.

– ფლობთ, თუ არა სახელმწიფო ენას?

– უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული. პროფესიით იურისტი ვარ. ძალიან კარგად ვფლობ რუსულ და ქართულ ენებს. წერა-კითხვა და საუბარი შემიძლია. ინგლისურ ენაზე ცუდად ვსაუბრობ, მაგრამ წერა-კითხვა ვიცი.

– რა პრობლემებს დააყენებთ პარლამენტში?

– იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამოვიყვანო. შეიძლება პარლამენტში ენის საკითხის დაყენება, რადგან რეგიონში ბევრი სომეხია. მთავარი – ენის საკითხია და ამასთან ერთად სხვა მრავალი. პარლამენტში გენოციდზე უნდა ვისაუბროთ. ეს არ ნიშნავს მხოლოდ საუბარს და მორჩა, დავპირდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობა ჩვენს მხარეს გადმოვიბიროთ. ვფიქრობ, რომ რაც მე ვიგრძენი საკუთარ თავზე, ან მეზობლის, თანამემამულის, მეგობრის შრომისა და ტანჯვის შესახებ უნდა ვისაუბროთ პარლამენტში, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ ამ პარტიამ, რაღაც შეცვალა.