მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %), – ამის შესახებ ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.

„სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკას (12 პროცენტი) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12 პროცენტი) მიიღებს მხედველობაში. მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 პროცენტი) ექცევა.

მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 პროცენტი და 46 პროცენტი) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი – მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 პროცენტი). ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია. ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31 პროცენტი), წყალმომარაგებაზე (22 პროცენტი), გარემოს დაბინძურებასა (13 პროცენტი) და საცობებზე (13 პროცენტი) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ”,-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

„გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული”,- განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.

კვლევის თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. კერძოდ, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).

„ეს განწყობები თანხვედრაშია NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად მიგნებებთან. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი”,-აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.