აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილი განცხადებით, ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია.

ხუზმიაშვილის განცხადებით, დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს.

„მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებია, ბევრი ადამიანი შვებულებაშიც იყო და ვინც მუშაობდა პრაქტიკულად ყველა გაიტესტა. თუ არ ვცდები, 10 ადამიანი კარანტინში არის ამ დროისათვის და რამდენიმე დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება. ვცდილობთ, აღვადგინოთ ეთერი და დღეს უკვე ჩანიშნული გვაქვს საინფორმაციო სამსახურის თთათბირი. ჩემი დიდი სურვილია, ხვალიდან აღვადგინოთ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა. ალბათ, რამდენიმე ჯგუფად გადავნაწილდებით, რომ მოვახდინოთ ეთერში შესვლა.“ – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 5 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს, ეთერში კი, საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხორციელდება.