საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ახალციხე-ახალქალაქის გზა ( მდინარე კორხის წყალის ხიდიდან ახალქალაქამდე) გარემონტდება. რამდენიმე დღის წინ შემდგარი ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1″-მა მოიგო. სარემონტო სამუშაოები 15 სექტემბრის შემდგომ დაიწყება.

ახალციხე-ახალქალაქის გზა, კერძოდ, ახალციხემდე 62-69 კმ-ის სიგრძის მონაკვეთი, მძღოლებისთვის სახიფათო გახდა. ორმოები ქალაქის შესვლისთანავე იწყება. მძღოლები გზის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ყოველ ჯერზე ავტომანქანის შესაკეთებლად მიყვანა უხდებათ. დროდადრო ორმოები ქვიშით ივსება, თუმცა ეს პრობლემას მხოლოდ პირველ წვიმამდე აგვარებს.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის (მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1″-მა მოიგო 5`744`000.00 ლარით.

კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1″-ის დირექტორის შოთა აბულაძის თქმით, ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. მისი მტკიცებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას უკვე მრავალი წელია გვპირდებიან. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ჯავახეთს ესტუმრა და მოსახლეობას ახალციხე-ახალქალაქის გზის ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაციას დაჰპირდა. თუმცა, 2019 წელს, რეაბილიტაცია არ განხორციელდა. 2020 წლის დასაწყისიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვპირდებიან, რომ რეაბილიტაცია დაიწყება, მაგრამ გზა დღემდე არ არის მოპირკეთებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს ორი ინფრასტრუქტურული სამუშაოს რეალიზებას გეგმავს. პირველი პროექტი ახალქალაქის შემოსასვლელში ზემო აღნიშნული 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა, მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე, მეორე – 2,5 კმ გზის რეაბილიტაცია, რომელიც სომხეთისა და თურქეთისკენ მიმავალ ორ მაგისტრალს აერთიანებს.