2020 წლის პირველი სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული ცვლილებები ამოქმედდა. ძალაში შევიდა ბავშვთა კოდექსის ის მუხლებიც, რომლებიც ინტერნეტსა და მაუწყებლებს ეხებათ. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ცვლილებებით მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებ-გვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

მაუწყებლები ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებული არიან საკუთარ ეთერში არ განათავსონ შეუფერებელი პროგრამა:
18 წლამდე არასრულწლოვნისთვის 18:00 -დან 00:00საათამდე;
15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 06:00-დან 23:00 საათამდე;
12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 06:00-დან 21:00 საათამდე,
7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 06:00-დან 21:00 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.