გუშინ, სოფელ კულიკამის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, რათა სოფლის ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში არ წაეყვანათ. მათ პოლიციას მოუწოდეს აცადონ გლოვა, და მკვლელობისა და არეულობის დღეს უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

როგორც ადრე Jnews-მა გადმოსცა, სოფელ კულიკამის მოსახლეობამ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყო იმ მოთხოვნით, რომ პოლიცია სოფლის მოსახლეობას შეეშვას. კულიკამიდან დაახლოებით 40-მა ადამიანმა ახალციხეში დაკითხვაზე სასამართლო უწყება მიიღო. პროტესტის შემდეგ 5-6 ადამიანი, მათ შორის მოკლულის, ვარდ მირანიანის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ახალციხეში დაკითხვაზე წაიყვანეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ნათესავები ითხოვენ მათ გლოვასა და მწუხარებას პატივი ეცეს.

“ჩვენ უბედურება მოგვეწია, დედა ახალგაზრდა შვილს იტირებს. ამის შემდეგ ისინი ჩივილს ბედავენ. ვითხოვთ თავი დაანებონ გარდაცვლილს, 40 დღემდე მაინც შეგვეშვან. სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ მაინც თხოვნით მივმართავთ. ისინი კი რას აღარ ამბობენ. კომპენსაციას, სახლებს ითხოვენ. 24 წლის ფეხმძიმე მეუღლემ შიმშილობა გამოაცხადა. არაფერს არ ჭამს და არ სვამს. მეუღლეს ეძებს. ნუთუ, სიბრალულის თანაგანცდა არ აქვთ. ჩვენს უბედურებას და მოკლულ ახალგაზრდას პატივს არ სცემენ. რატომ? ლარნაკებს ითხოვენ, ქალაქსა და სოფელს არჩევენ, მგლების ხროვას გვიწოდებენ…”,- თქვა გარდაცვლილის დეიდამ პროტესტის აქციის დროს.

მთელი სოფელი პოლიციას 8 აგვისტოს საღამოს მოვლენების უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“პოლიციამ ახალგაზრდა ადამიანების დევნა დაიწყო. სად იყო პოლიცია, როდესაც ქალაქის ცენტრში ამდენი რამ მოხდა? სად იყო? რატომ არ შეაჩერა? ეს ყველაფერი 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სად იყო პოლიცია იმ დროს? ისინი მდიდრები არიან, ამიტომ იცავენ? კანონი მდიდრების მხარეს არის. ჩვენც რომ მოვმზადებულ ვიყავით, ჩვენც იარაღით მივიდოდით. რატომ ჰქონდათ იარაღი მათ, და არა ჩვენ? ესინი მივიდნენ იმის გასარკვევად, თუ როდის დაიწყება გზის ასფალტირება, და აი რა მოხდა. ავტომანქანას აფერხებდნენ, რათა დაჭრილი საავადმყოფომდე ვერ მიეყვანათ. იქნებ, ხელი რომ არ შეეშალათ, ჩვენი ბიჭი ცოცხალი იქნებოდა. სად იყვნენ ეს სამართალდამცავი ორგანოები? ამ კითხვებზე რატომ არ გვპასუხობენ?”,- ამბობს კულიკამის მცხოვრები.

სოფლის მოსახლეობა ნაწყენია, რადგან დამწვარი სახლების მეპატრონეები კომპენსაციას ითხოვენ. ისინი მწუხარებით ამატებენ, რომ მათი დანაკარგი კომპენსაციას არ ექვემდებარება.

“დაგვიბრუნონ ჩვენი ბიჭი ცოცხალი. შეძლებენ? ჯერ არ დაბადებულ ბავშვს დაუბრუნონ მამა, ის დაობლდა. მან კი მაღაზია გააღო და მუშაობს. წყეულნი იყვნენ თვითონაც და მაღაზიაც. ისინი ამბობენ, ორსულ რძლებს შეეშინდათ, სად იყვნენ, რომ შეეშინდათ? მას შეეშინდა, როცა გაიგო, რომ მისი მეუღლე დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაიქცა. თუ იციან, ჩემი რძალი როგორაა? ცოცხალი მიცვალებულია. ჩვენი რძალი მეუღლის გარეშე დარჩა, იმის მეუღლე კი ცოცხალია და მის გვერდითაა. ის მივიდა და ჩაბარდა, კანონისა და მისი სინდისის წინაშე აგოს პასუხი. ჩვენ სხვა საჩივარი არ გვაქვს. უბრალოდ სოფელს დაანებონ თავი, და მორჩა. მეტი არაფერი გვაქვს სათქმელი”,- ამბობს სოფლის სხვა მცხოვრები.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა სოფელ კულიკამის 27 წლის მკვიდრი ვარდ მირანიანი, რის შემდეგაც ახალქალაქში მოხდა არეულობა, ახალგაზრდების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა 4 სახლსა და სასტუმროს. ადგილზე სპეცრაზმი და პოლიცია იქნა მობილიზებული.

მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია არტურ გაბრიელიანი, მკვლელობისა და მასობრივი არეულობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.