საგზაო ნიშანი “დგომა აკრძალულია”, რომელიც ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩის N5 -თან უნდა დამონტაჟდეს, დაპირისპირების საფუძველი გახდა. საგზაო ნიშნის განთავსების ბოლო ვადა 5 აგვისტო იყო. ამავე ქუჩაზე არსებული ტოტალიზატორის მფლობელი აღნიშნული საგზაო ნიშნის განთავსების წინააღმდეგია.

ახალქალაქის მერიამ ქალაქში უკვე განათავსა საგზაო ნიშნები, გარდა ჭავჭავაძის ქუჩის N5-თან ​ნიშნისა “დგომა აკრაძლულია“.

საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კომპანია “არშაკ ამოიანმა” 34 600 ლარით გაიმარჯვა. ტენდერის თანახმად, სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა 2020 წლის 7 აგვისტოა. კომპანიის დირექტორის, არშაკ ამოიანის თქმით, საგზაო ნიშნები უკვე მზად არის, დარჩა მხოლოდ მათი დამონტაჟება.

“ველოდები პასუხს მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებიდან. როცა ისინი მეტყვიან, მაშინ დავაყენებ ამ ნიშნებს. საგზაო ნიშნები მზად არის და მერიის შენობაშია”, – აცხადებს არშაკ  ამოიანი.

როგორც ის ამბობს, შეუძლია პროექტი აღნიშნული საგზაო ნიშნების გარეშეც დაასრულოს, მაგრამ პროექტი მათ განთავსებას ითვალისწინებს.

JNEWS-ს მერიაში განუცხადეს, რომ ელექტრონული კონკურსის დასრულებამდე 7 დღე დარჩა. ამ დროის განმავლობაში სურთ დაამონტაჟონ საგზაო ნიშნები, რადგან აღნიშნულს მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ჭავჭავაძის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქუჩის მცხოვრებლები მხარს უჭერენ, მათ ქუჩაზე საგზაო ნიშნის – “დგომა აკრძალულიას” განთავსებას. ხოლო ამავე ქუჩაზე მდებარე სათამაშო ბიზნესის კლიენტები, ხმაურობენ და უცენზურო გამონათქვამებით უპატივცემულობას იჩენენ ქუჩის მცხოვრებლების მიმართ. საპირისპირო მხარე კი, ირწმუნება, რომ ისინი კანონის ფარგლებში მუშაობენ.

“არ მესმის, რა საერთო აქვს საგზაო ნიშანს ხმაურთან. ჩვენს ტოტალიზატორში არ იყო ხმაური, არავინ არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, რასაც ესენი ამბობენ, ჭორია. საგზაო ნიშნის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ადამიანების დაჯარიმება დაიწყეს, დღეში 40-50 ადამიანს აჯარიმებენ. ტოტალიზატორი აქ, არაფერ შუაშია. ჩვენთვის არავის მოუმართავს, არაფერი უთქვამთ, ჩვენთვის მოემართათ, ეთქვათ რომ, ასეა და ასე საქმე. მათ კი, ღამით დაამონტაჟეს საგზაო ნიშანი და თქვეს, რომ მერიამ დაამონტაჟაო. ამიტომ, იძულებული გავხდი მერიისთვის სასამართლოში მეჩივლა. ორივე სასამართლო სხდომა მოვიგე, როგორც ახალქალაქში, ასევე თბილისში. არასდროს მქონია მათთან პრობლემები და, არც სასამართლოსთვის მიმიმართავს. ვიდეოთვალის 3-4 თვის ჩანაწერი მაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ არავინ ხმაურობს და მათ არავინ აწუხებს. და საერთოდ, ეს ნიშნები განთავსდება საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად და არა ხალხის მოთხოვნით”, – განაცხადა ჭავჭავაძის ქუჩის ტოტალიზატორის მფლობელმა, მიხეილ კრმაჯანიანმა.

ის ჭავჭავაძის ქუჩის N5-თან საგზაო ნიშნის – ” პარკირება აკრძალულია”, განთავსების წინააღმდეგია. მან მერიას მიმართა თხოვნით არ განათავსონ აღნიშნული ნიშანი, რადგან 6 ადამიანი აქ, ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და გადასახადებს იხდის.

“მათ სასამართლო წააგეს, მაგრამ მაინც დაამონტაჟეს ნიშანი, ისე, რომ არაფერი უკითხავთ. რა დანიშნულება აქვს ნიშანის – “დგომა აკრძალულიას” განთავსებას ქალაქის იმ ნაწილში, სადაც არის მაღაზია, სილამაზის სალონი, ტოტალიზატორი? ეს საგზაო ნიშანი კრძალავს ავტომობილის პარკირებას ერთი წამითაც კი, აღარაფერს ვამბობ ავტომობილის გაჩერებასა და მაღაზიაში შესვლაზე. ქუჩა უკვე დიდი ხანია ცალმხრივად გადაკეთდა, აქ ისედაც აღარ არის საცობები. მე, როგორც მომავალი მეწარმე, წინააღმდეგი ვარ და მინდა, რომ ჩემი მოსაზრებაც იქნეს გათვალისწინებული. რადგან ისინი მერიაში მუშაობენ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ისინი თანამდებობას ბოროტად იყენებენ. ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ, ჩვენთვის არავის მოუმართავს. არავის აქვს პრეტენზიები ერთი ოჯახის გარდა. კანონი გვეუბნება, რომ ერთი ადამიანიც კი თუ არის უკმაყოფილო, მისი პრეტენზია უნდა მოისმინონ და ჰკითხონ, რა აწუხებს მას. მაგრამ მათ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. გზას ყველა მხრიდან თუ გადაკეტავენ, აქ არსებული სილამაზის სალონი დაიხურება, ხვალ, შესაძლოა მაღაზიაც დაიხუროს, გესმით?

მე მაღაზიას თუ გავხსნი და ქუჩა ყველა მხრიდან გადაკეტილი იქნება, ვინ შემოვა ჩვენს მაღაზიაში? ვიღაცამ სადღაც თუ დალია, მოვიდა ამ ადგილას და ატეხა ხმაური, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტოტალიზატორია დამნაშავე. მე რა შუაში ვარ? მე პასუხს ვაგებ ჩემს დაწესებულებაზე, არ შემიძლია იმ ადამიანების აღზრდა, ვინც ქუჩაშია. ყოველთვის ლეგალურად ვმუშაობდი და მომავალშიც ასე განვაგრძობ”,- დასძინა კრმაჯანიანმა.

მან ასევე დასძინა, რომ პროტესტის ნიშნად მოხსნა რკინის ნიშანი, რომელის ღამის საათებში დაამონტაჟეს და მერიაში წაიღო, რათა მათ იცოდნენ, რომ ის, ამ ნიშნის წინააღმდეგია, რათა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ, ხალხის აზრი მოისმინონ.