ტურცხი-ლომატურცხი-ბეჟანოს წყალგაყვანილობის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები, რომლებიც შარშან დაიწყო, წელს დასრულდება. წყალგაყვანილობა ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იქნება გარემონტებული.

ტურცხ-ლომატურცხი-ბეჟანოს წყალგაყვანილობის ხაზის გარემონტება 2019 წელს დაიწყეს, თუმცა სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა. სოფელ ტურცხსა და ლომატურცხს შორის მდებარე 350 მეტრის მონაკვეთის მოპირკეთებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 17 108 ლარი იყო გამოყოფილი.

სხვადასხვა პროექტიდან დაზოგილი სახსრები ახალქალაქის საკრებულომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაანაწილა, რაშიც სოფელ ტურცხსა და ლომატურცხში წყალგაყვანილობის სისტემის აღდგენა შევიდა.

“ჩვენთან წყალი ბეჟანო-ტურცხის წყალგაყვანილობიდან გაიყვანეს, სადაც ლომატურცხიც შედის. ისე გამოვიდა, რომ სოფელ ტურცხსა და ლომატურცხს შორის მდებარე წყალგაყვანილობის 350 მეტრიანი მონაკვეთი დაუსრულებელი დარჩა. პრობლემა სწორედ ამ მონაკვეთს ეხება, სარემონტო სამუშაოების დასრულება აუცილებელია”,- JNEWS-თან საუბარში თქვა სოფელ ტურცხში მერის წარმოამდგენელმა ანნა გევონდიანმა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ლომატურცხის მცხოვრებლები სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემაზე ჯერ კიდევ 2015 წლიდან საუბრობენ და ჩივიან.