სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან გვაცნობეს, რომ პროგრამა “საბაჟო საქმე” ახალქალაქში აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ 2 აგვისტოს შემდეგ, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაცემა იგვიანებს.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაცემის საბოლოო გადაწყვეტილება 2 აგვისტოს გადაიტანეს. შესაბამისად, ახალი პროგრამა – “საბაჟო საქმე”, რომელიც უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში უნდა გახსნილიყო, დაპირებულ ვადებზე გვიან გაიხსნება.

როგორც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ JNEWS-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ავტორიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტს 2 აგვისტოს გასცემენ.

“წინასწარ, კარგი მონაცემები გვაქვს, მაგრამ უფრო ზუსტად 2 აგვისტოს გვეცოდინება. შეხვედრა დისტანციურად შედგება. 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და 10 აგვისტომდე რეგისტრაციას გამოვაცხადებთ”, – ამბობს მაკა ბერიძე.

ბერიძის თქმით, რეგისტრაციისთვის არავითარი დოკუმენტი არ არის საჭირო. აუცილებელია მხოლოდ ატესტატის ქონა, თუმცა რეგისტრაციის დროს ამის წარდგენა არ არის საჭირო. მსურველებს შეუძლიათ უბრალოდ, უნივერსიტეტის გვერდზე შევიდნენ და დარეგისტრირდნენ.

ამას წინათ JNEWS-ი წერდა, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში “საბაჟო საქმეს” ასწავლიან. პროგრამა 26 ივლისს უნდა დაწყებულიყო.

ახალქალაქში საბაჟო საქმის სპეციალისტების მომზადებას აპირებენ