პროგრამა – “დახმარება სოფელს” ფარგლებში ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამსა და ვაჩიანში სტადიონები გარემონტდება. სამუშაოების შესრულებაზე ელექტრონული კონკურსი მერიამ უკვე გამოაცხადა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდობა ძირითადად სპორტის სხვადასხვა სახეობებს – ფეხბურთს, ფრენბურთს, ჩოგბურთს და ა.შ მისდევს, მაგრამ არის ბევრი სოფელი, სადაც სტადიონი საერთოდ არ არის.

სოფელ ვაჩიანსა და კულიკამში, რამდენიმე წლის წინ აშენებული სტადიონები წელს გარემონტდება.

სოფელ ვაჩიანში მინი-სტადიონის გარემონტებაზე 6 542 ლარის ოდენობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

გათვალისწინებულია:

· მიწის გასწორების სამუშაოები – 510 კვ.მ

· პემზის ფენის დამატება, გასწორება

· შეღობვის დაზიანებულ ნაწილებში ლითონის მილების რემონტი – 12 ც.

· ღობის შეღებვა

· კარისა და ლითონის კუთხეების შეღებვა

სოფელ ვაჩიანის წარმომადგენლის ფიოდორ თოროსიანის თქმით, სოფელს სტადიონი ესაჭიროება.

“ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა სპორტით არის დაკავებული, ძირითადად ფეხბურთით, ზუსტად ამიტომ, ახალგაზრდობას, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს სტადიონი”, – ამბობს თოროსიანი.

სოფელ კულიკამის სტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე 16 948 ლარის ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.

“ახლა გამოცხადებულია ტენდერი, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. ეს ძალიან კარგია სოფლის სკოლის ასაკის ბავშვებისათვის”, – აღნიშნავს სერგეი შირინიანი, სოფელ კულიკამის სპეციალისტი.

გათვალისწინებულია:

· მიწის გასწორების სამუშაოები: 9 კვ.მ

· დასაჯდომების დამონტაჟება – 30 ც.

· არსებული ღობის სიმაღლის ამაღლება

· ღობის შეღებვა

· სტადიონის განათება