ჯავახეთში ტრადიციულ ლავაშს ოდითგანვე აცხობდნენ. ლავაშს დღემდე თითოეულ ოჯახში თავისებურად ამზადებენ. ეს არ არის უბრალოდ პური, ეს კულტურის ელემენტია, რომელსაც, როგორც ჯავახეთის, ასევე მთელი მსოფლიოს სომხების ცხოვრებაში რელიგიური და საკულტო მნიშვნელობა აქვს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მცხოვრები ვალია ვარდევანიანი ლავაშს, ჯერ კიდევ მისი წინაპრების მიერ დატოვებული, ძველი ტრადიციების თანახმად აცხობს.

როგორც ქალბატონი ყვება, მას ლავაშის გამოცხობა ადრე არ ეხერხებოდა. ცხობა სოფლის ასაკოვანმა და უფრო გამოცდილმა მცხოვრებლებმა ასწავლეს. ახლა ის უკვე 20 წელზე მეტია ლავაშს დამოუკიდებლად აცხობს და მის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას ახალ თაობას გადასცემს.

“ადრე არ მეხერხებოდა ლავაშის გამოცხობა, მე ბებია მარომ მასწავლა”,- ყვება ვალია ვარდევანიანი.

მისი თქმით, გამოცხობა 3 ეტაპს მოიცავს: ხორბლის დაფქვა, ცომის მოზელა და გამოცხობა.

50128453458_a4236fa47d_o

ტრადიციების თანახმად, პურს დილით ადრე აცხობენ, ხოლო თონეს (“თონდირს”) ჯერ კიდევ დილა უთენია ანთებენ. პურის ცხობის პროცესი დილის ლოცვა-კურთხევით იწყება.

როგორც ვალია ვარდევანიანი ყვება, ადრე ლავაშს დღესასწაულებზე დიდი რაოდენობით აცხობდნენ. ეს პროცესი ერთი ან ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. იყო განსაკუთრებული სიმღერებიც, რომელსაც ლავაშის გამოცხობის დროს მღეროდნენ. სიმღერებში ამ სახეობის პურს უმადლოდნენ.

Tndir 1

ტრადიციის თანახმად ჯავახეთის სოფლებში ლავაშის მომზადების პროცესში ახლაც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს. როგორც სოფლის მოსახლეობა ყვება, ერთი ადამიანისთვის მთლიანი სამუშაოს გაკეთება ძალიან რთულია.

“ტრადიციულად პურის გამოცხობის პროცესი ჯგუფური იყო, და ადამიანს ამ პურის გამოცხობა მარტოს არ შეეძლო. ეს განსაკუთრებით ქალური საქმე იყო, და ქალებს არ უნდოდათ, რომ პურის გამოცხობის დროს საცხობში მამაკაცები შესულიყვნენ”,- ყვება ვალია.

ლავაშის პირველი შვიდი ფენა, ჩვეულების თანახმად, სახლში რჩებოდა- ის ოჯახის ბარაქად ითვლებოდა და მისი ჭამა ან სხვისთვის მიცემა არ შეიძლებოდა. ეს ტრადიცია შვიდ დღეში სამყაროს შექმნის სიმბოლიკას ატარებს.

გარდა ამისა, პურის გამოცხობის პროცესში ნებისმიერი შემთხვევითი სტუმარი ახლად გამომცხვარ პურს სამხთოს სახით ღებულობდა.

Tndir 2

უფროსების მტკიცებით, ძველად ომის დროს, ლავაში ჯარისკაცების დამცველი და თანამგზავრი იყო. დედები საკუთარი ხელებით აცხობდნენ ლავაშს, ახმობდნენ და ჯარისკაცების ჩანთებში ულაგებდნენ. ვინაიდან ლავაში დიდ ხანს ინახებოდა და მალევე არ ფუჭდებოდა, ის ჯარისკაცებს შიმშილისგან ხსნიდა.

სომხებს ასევე აქვთ ტრადიცია, როდესაც პატარძალს მხარზე ლავაშს უფენენ. ამ ტრადიციის თანახმად ოჯახში პატარძლის შემოყვანის შემდეგ კერა პურითა და დოვლათით აივსება. სომხურ ტრადიციულ ქორწილებში ამ ჩვეულებას დღემდე იცავენ. სომხებს სჯერათ, რომ ლავაში მათ გათვალვისგან იცავს, ამიტომ ლავაშს არა მხოლოდ ახალდაქორწინებულების მხრებზე აფენენ, არამედ ახალშობილსაც უდებენ აკვანზე.

2

ლავაში- სომხური სიტყვაა, რომელიც პირდაპირ მომზადების პროცესშია მიღებული. მას შემდეგ, რაც ცომს გავშლით, საჭიროა მისი გაწელვა, რაც გამოითქმის: “ლავ ქაშაც” (კარგად გაწელილი- სომხურიდან), სიტყვა შემდეგ შეიცვალა “ლავ ქაშ”-ით და შემდეგ პურმა მისი საბოლოო სახელი- “ლავაშ”-ი მიიღო.

ტრადიციული სომხური ლავაშის მზადების პროცესი ჩვენს ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ: