ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება დეტალურად ის რეგულაციები, რომელთა შესრულება ბიზნესვიზიტორებს საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ.

ქართული მხარე მათ ორ არჩევანს უტოვებს – PCR ტესტის გაკეთება თავიანთი ხარჯებით, ან ფასიანი კარანტინის გავლა.

„ე.წ PCR ტესტი, რომელიც ყველაზე ზუსტია, უნდა იქნეს შეძენილი თვითონ ამ ბიზნესვიზიტორების ხარჯზე და ყოველ მესამე დღეს უნდა იყოს მათ მიერ გაკეთებული ჩვენი მონიტორინგის ქვეშ, მათი აქ ყოფნის პირველი 14 დღის განმავლობაში.

მათ აქვთ არჩევანი, ბიზნესვიზიტორებს – თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება არჩიონ ეს ფასიანი კარანტინი და ამით თან ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან და ჩვენც დაგვიცავენ ეპიდემიოლოგიურად, ან იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით“, – განაცხადა თურნავამ.