გუშინ გამთენიისას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის საძოვრებიდან მოპარული და თურქეთის მიმართულებით იყო გაყვანილი დაახლოებით 70 სული მსხვილფეხა საქონელი. მოპარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა.

ნახირი რამდენიმე მფლობელს ეკუთვნოდა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ძროხები შავანიდელის მთაზე, მდელოებში ძოვდნენ, რასაც ადგილობრივები “უზუნჩაირს” უწოდებენ.

“ძროხები მთაში ორი კვირის წინ წავიყვანეთ. იმ დღეს, როდესაც ისინი მოიპარეს, იქ მხოლოდ ჩემი ვაჟიშვილი და მწყემსი იყვნენ. დამირეკეს და მითხრეს, რომ ძროხებს ვერ ვნახულობთო და კვალი თურქეთის საზღვართან იკარგებაო. მე 112-ზე დავრეკე. პოლიცია დაუყოვნებლივ ავიდა მთაზე»,- Sknews-თან კომენტარში სთქვა ჭაჭარაქში მცხოვრებმა მარინა ოქრომელიძემ, ვისი ოჯახიდანაც 9 ძროხა მოიპარეს.

ოქრომელიძეების ოჯახის გარდა, საქონელი ჭაჭარაქის მცხოვრებ არამ ნეგოიანს, გოქორ ნეგოიანს და სტეპან მინასიანსაც მოპარეს.

სოფლის მახლობლად თურქეთის საზღვარია, ადრე საბჭოთა პერიოდში ამ ადგილს გულდასმით დარაჯობდნენ, საგუშაგო იყო. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ახლა საზღვარი უბრალოდ გადასასვლელ პუნკტს ჰგავს.

საქონლის მფლობელები რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვა საქმეზე გადაერთვნენ: ერთ-ერთი მათგანი მახლობლად, საფუტკრეში სკების შესამოწმებლად გავიდა, როდესაც დაბრუნდა, ნახირი აღარ დახვდა. ადგილზე ცხენის ჩლიქების კვალი აღმოაჩინეს, რომელიც საზღვარის მხარეს მიდიოდა.

ბუფერულ ზონაში რამდენიმე ძროხა იყო ნაპოვნი. ადგილობრივები ქურდობაში მომთაბარე მწყემსებს ადანაშაულებენ.

ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული. გამოძიება 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის ქურდობის მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის, როგორც ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ეს ბევრჯერ მომხდარა.