Armenian      Russian

117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს, რომლებიც ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას მოითხოვდნენ.

ახლადმიღებული შესწორებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი და ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩეული 30 მაჟორიტარი შევა. 1%-იანი იქნება საარჩევნო ბარიერი. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

ამას გარდა, პროექტი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს პარტიებს, რომლებსაც შეუძლიათ წარადგინონ 5000-ზე მეტი მომხრე ამრჩეველის ხელმოწერა.

ამსთანავე, კანონპროექტის თანახმად, 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ქვეყანაში დროებითი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით იქნება დადგენილი.