ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით,  ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს, თითქოს  ისინი თბილისში, კომპანიისგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ.

ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა 100 ლარად (დაახლოებით 33 აშშ დოლარი) გაყიდეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს თვითდასაქმებულ მოქალაქეებს 300 ლარის (დაახლოებით 100 აშშ დოლარი) ოდენობის ერთჯერადი დახმარების მიღება მაისიდან შეუძლიათ. თვითდასაქმებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდნენ შემოსავალს, მათ გარდა, ვინც ხელშეკრულებით მუშაობდა.

პირობითად, ყველა თვითდასაქმებული ადამიანი ორ ჯგუფად იყოფა: შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ პირები და ისინი, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ოფიციალურად არ არის აღრიცხული.

19 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე დარეგისტრირდა 144,674 ადამიანი, რომლებმაც 300 ლარის ფულადი კომპენსაცია მიიღეს.

ამ დროისთვის ერთჯერადი დახმარება 84 564 თვითდასაქმებულს ჩაერიცხა. მათ მიიღეს სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მთლიანობაში, სახელმწიფომ 25.3 მილიონ ლარზე მეტის (8.4 მილიონი აშშ დოლარი) კრედიტი მიიღო.