Armenian      Russian

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება ხუთ მუნიციპალიტეტს – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან 111 ათასი ჰექტარი მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება. ამისთვის უკვე არსებობს დაფინანსება.

“ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება. იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს, ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას სოფლის მეურნეობაში.

მთავრობას უკვე აქვს სამწლიანი გეგმა, გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის რომ ქვეყანაში სისტემური რესგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპის – სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მიმართვის შემდეგ იწყებს. რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უსასყიდლოდ ასრულებს.

კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასოა.

არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.