ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ბავშვებს ჯერ არ ღებულობენ, რადგან არსებობს პრობლემა პროდუქტის შეძენის ტენდერთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში  ბაღების გახსნას 20 იანვარს გეგმავენ.

გაერთიანებაში ბაღების გახსნის ზუსტ თარიღს ჯერ არ აცხადებენ.

«ჩვენ დღეს საბავშვო ბაღები ვერ გავხსენით, რადგან პროდუქტი არ გვაქვს. პრობლემა ტენდერებში მდგომარეობს, მოგებული კომპანიის საბუთები არასწორი იყო, ამიტომ ტენდერი თავიდან გამოცხადდა. გვინდა 20 რიცხვისთვის დავიწყოთ მუშაობა. მთავარია შედგეს პურის  შეძენის ტენდერი. ნებართვის დართვის შემთხვევაში, ჩვენ გვსურს პირდაპირი ხელშეკრულების შედგენა, რათა პური თავად შევიძინოთ იქამდე ვიდრე ტენდერი დასრულდება»,- თქვა გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატრიანმა.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პროდუქტის შეძენაზე რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი. ტენდერი გამოცხადებულია ყველაზე საჭირო პროქუტებზე, როგორიცაა: პური, შაქარი, მარილი, კაკაო, ჩაი, მაკარონი, ვერმიშელი და მწვანილი. ამ პროდუქტზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. მუნიციპლიტეტმა ამისთვის 42 784 ლარი გამოყო. ტენდერი 13 იანვარს გამოცხადდა.  განაცხადის შეტანის ვადა  21 იანვარს იწურება.
თავდაპირველად, აღნიშნული პროდუქტების შესაძენად ტენდერი 2019 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა მოგებული კომპანია შპს «ნებო» დისკვალიფიცირებული იყო.
142 836 ლარის ტენდერი გამოცხადებულია რძის ნაწარმის შეძენაზე. უკვე ცნობილია იმ კომპანიის სახელი, რომელიც  საბავშვო ბაღებს რძის ნაწარმით მოამარაგებს. კომპანია შპს «მიალემ»  კონკურსი 133 000 ლარით მოიგო. ტენდერი საბუთების მომზადების პროცესშია.
ბოსტნეულის შესაძენად მუნიციპალიტეტმა 58 346 ლარი გამოყო. ტენდერი ინდივიდუალურმა მეწარმემ შალვა გორგაძემ 52 987 ლარით მოიპოვა. ტენდერი საბუთების დამზადების პროცესშია.
კვერცხის შეძენის ტენდერი უკვე შედგა. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 27 300 ცალი ქათმის კვერცხი შეიძინა. ტენდერი ამჯერადაც  კომპანია შპს «ნებომ» 8 097 ლარით მოიგო.
ხორცისა და ხორცის ნაწარმის შესაძენად ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული.