ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამსა და გოგაშენში, 12 ივნისის საღამოს, ძლიერმა სეტყვამ ვენახები გაანადგურა. თავდაპირველად მოსახლეობას დაზღვევის დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა უმრავლესობას მიწები დაზღვეული არ აქვს.

ოკამში და გოგაშენში აგროდაზღვევით სარგებლობენ უფრო მეტად, ვიდრე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში. თუმცა, ბოსტნეულზე და ხილზე სეტყვით მიყენებული ზიანის შემდეგ, გასაგები გახდა, რომ აგროდაზღვევა სოფლებში ამჯერად არ გამოდგება.

12 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ძირითადად ბოსტნეულის და ხილის კულტურებია დაზიანებული. ოკამსა და გოგაშენში მარცვლეულის მიწებიც დაზიანდა. სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, კარტოფილი დიდად არ დაზიანებულა.

სოფელ გოგაშენში მერის წარმომადგენლის ზაზა ნათენაძის თქმით, სოფელში უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
«ჩვენთან ძირითადად კარტოფილს და მარცვლეულს აზღვევენ, თუმცა ბევრს არ ჰქონდა დაზღვეული»,- ამბობს ის.

მოსახლეობის უმეტესობამ მოსავალი სხვადასხვა მიზეზის გამო არ დააზღვია․

ერთ-ერთი მიზეზია დაურეგისტრირებელი მიწები.

სოფელი ოკამის მცხოვრების ნანა ოსეფაშვილის თქმით, მათ მიწების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ამიტომაც ვერ დააზღვიეს.
«ყველაფერი ძალიან ძვირია, ერთი ნაკვეთი, მხოლოდ აეროგადაღება, 50 ლარი ღირს. დაზღვევის თანხაც გადასახდელია, ძვირია, ამიტომ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება»,- ამბობს ის.

Gogashen 1

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ დააზღვიეს მოსავალი არის კომპენსაციით უკმაყოფილება.

«გასულ წელს დაახლოებით 3 ჰექტარი მიწა დავაზღვიე. მაგრამ სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებმა ზარალი უფრო ნაკლებად შეაფასეს, ვიდრე ის რეალურად იყო. ამიტომ წელს აღარ დავაზღვიე. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, ვიმედოვნებ, რომ ღმერთი დაგვეხმარება»,- ამბობს გიორგი.

პაატა ქველაძის თქმით, მან მიწები არ დააზღვია, რადგან გასულ წელს ძვირი დაუჯდა.
«წელს განსაკუთრებით ბევრი გვაქვს მარცვლეული, მაგრამ არ დავაზღვიე, რადგან ძვირია»,- ამბობს ის.

Gogashen 3