1 ივნისის ღამით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოში, 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა, თანასოფლელების თქმით, ქალს თვითმკვლელობისთვის არავითარი მიზეზი არ ჰქონია. შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა.

სოფელ გოკიოს მკვიდრი, სკოლის მასწავლებელი, 35 წლის ქალი, რომელსაც ბედნიერი ოჯახი და სასკოლო ასაკის 2 შვილი ჰყავდა, 1 ივნისის ღამეს გარდაიცვალა. სოფლის მცხოვრები, Jnews-ის რესპონდენტი, გარდაცვლილს კარგად იცნობდა.

“საღამოს აბაზანაში დასაბანად შევიდა და იმ დროს გარდაიცვალა. მას თვითმკვლელობის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, მას ბედნიერი ოჯახი, ორი შვილი ჰყავდა. არ ვიცი რა არის სიკვდილის მიზეზი”, – ამბობს იგი.

სოფლის სხვა მცხოვრებლები, რომლებსაც Jnews-ი დაუკავშირდა, ასევე აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თვითმკვლელობა არ ყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სოფელ გოკიოში, 35 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სიკვდილის მიზეზს გამოძიება აზუსტებს.