საქართველო სახელმწიფო საზღვარს ვერ გახსნის იმ ქვეყნების ტურისტებისთვის, სადაც მაღალია კორონავირუსის გავრცელების დონე, მათ შორის სომხეთთან, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

“პირველ რიგში ტურისტები შემოვლენ “მწვანე” ქვეყნებიდან. ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებით მუშაობს. მინიმალური რისკის ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდება. მუშავდება გარკვეული პროცედურები, იმასთან დაკავშირებით, თუ საქართველოში ჩამოსვლამდე, როგორი ტესტი უნდა გაიაროს ტურისტმა. ბევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო ეს წესები. მაგალითად, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ მიდიან, “პისიარ-ტესტი” 48 საათით ადრე უნდა გაიარონ (საზღვრის გადაკვეთამდე). ასევე, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ საქართველოში ტურისტებზე გარკვეული ზედამხედველობა განხორციელდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოს შეუძლია “უსაფრთხო დერეფნის” შექმნა ტურისტებისთვის ისრაელიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან.

სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 210-ით გაიზარდა და დაერთო ჯამში 9 492 შეადგინა. ინფიცირებულთა შორის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები.