დღეიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც იწყებს მუშაობას, თუმცა მუშაობას ყველა არ იწყებს.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის ორი თვის განმავლობაში გაჩერებული იყო, მუშაობა დღეს განაახლა.

დილიდან სოფელ ხოსპიოს მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდა, მაგრამ ისინი იძულებულნი იყვნენ ქალაქამდე ტაქსით ემგზავრათ უფრო ძვირად. თუმცა, 12:00 საათისთვის ახალქალაქი-ხოსპიოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო.

ჩვენი დაკვირვებით დღეს მუშაობა მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მიმართულებას არ დაუწყია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა შემდეგი სოფლების მიმართულებით: ხანდო, ალასტანი, კოკიო, გომანი, ბალხო და ხოსპიო.

დანარჩენები, ჯერჯერობით მუშაობის გასაახლებლად ემზადებიან. ზოგი მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას არემონტებს, ზოგი კი მოლოდინის რეჟიმშია, სურთ დარწმუნდნენ, რომ ტრანსპორტის მუშაობას ხელს აღარაფერი უშლის.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს. ზოგი მართგანი მარშრუტზე ქალაქის ავტოსადგურიდან გადის, ზოგი კი – დამოუკიდებლად. ჩვენი დაკვირვებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელ კარტიკამში, სამსარში, ბეჟანოში, ხანდოში, ბავრაში, ვაჩიანში, ალასტანში, ტურცხში, კოკოისა და ხოსპიოში დადის.

ტრანსპორტში მძღოლმაც და მგზავრმაც პირბადე უნდა ატაროს. ამ წესების დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გარდა ამისა, ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსებში აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა. მგზავრობა მხოლოდ ღია ფანჯრებით არის შესაძლებელი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ასევე, ეკრძალებათ მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა.

სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრთა მომსახურება ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე – 18 მაისიდან, შეწყვიტეს. 31 მარტიდან კი ავტობუსები და მეტრო გაჩერდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ 27 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს რიგი შეზღუდვებისა, რომლებიც 15 ივლისამდე ეტაპობრივად გაუქმდება.

ასე, მაგალითად, დღემდე შეჩერებულია ყველა სახის ქალაქთაშორისი გადაადგილება. უკვე ცნობილია, რომ ეს შეზღუდვა 8 ივნისს მოიხსნება.