პირველი ივნისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ნორმალურ მუშაობის რეჟიმს უბრუნდება, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორშაბათიდან მოქალაქეებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ის სერვისები და მომსახურება, რომლებიც თითქმის 2 თვის განმავლობაში შეზღუდული იყო კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

გარდა ამისა, კვირას, 31 მაისს 9:00 საათიდან, მოქალაქეებს შეეძლებათ ელექტრონული ჯავშნის აღება, რათა მართვის მოწმობის მიღების მსურველთა თეორიული გამოცდის რიგში ჩადგნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ სააგენტოს მომსახურების ცენტრებში ყველა ვიზიტორს მოეთხოვება სამედიცინო ნიღბების ტარება. ამასთანავე უწყების ფილიალები ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით იმუშავებენ.