ახალქალაქის უსახლკარო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო ვერ შედგა, თუმცა როგორც მერიაში გვატყობინებენ, უახლოეს მომავალში კონკურსს ხელმეორედ გამოაცხადებენ.

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 25 000 ლარი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის უსახლკარო ძაღლები დაეჭირათ, გამოეკვლიათ და სტერილიზება გაეკეთებინათ. თუმცა, მონაწილეების არარსებობის გამო ტენდერი ვერ შედგა.

ქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემა პერიოდულად ხდება აქტუალური. ახალქალაქის მოსახლეობა ხშირად უჩივის, რომ უსახლკარო ძაღლების ხროვა შიშს იწვევს, ისინი ძალიან აგრესიულები არიან. ხალხს ისევ ეშინია სახლიდან დილით ადრე ან საღამოს საათებში გასვლა, რადგან ქუჩის კუთხეებში შეიძლება ძაღლების ხროვას წააწყდნენ.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, წელს ძაღლის ნაკბენის 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, 23-ვე პაციენტმა ვაქცინაცია გაიარა.

როგორც მერიაში შეგვატყობინეს, მალე ტენდერს კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ და მოგებული კომპანია უსახლკარო ძაღლებს გადაიყვანს თავშესაფარში, გამოიკვლევს და დააბრუნებს უკან.

მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, ამჟამად ტენდერის დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს და მალე ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ძაღლები საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით უნდა დაიჭირონ და სპეციალური მანქანებით უნდა გადაიყვანონ. სერიოზული ავადმყოფობის მქონე ძაღლებს საჭიროების შეთხვევაში ევთანაზიას (ცხოველის უმტკივნეულოდ მოკვდინება) გაუკეთებენ და ჩამარხავენ.