დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ახლო მომავალში დაუბრუნდება.

„პირდაპირ დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. ახლა დღეს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ კი, რეჟიმი გამკაცრდა. შეზღუდვა შეეხო ვალუტის გაცვლის პუნქტებსაც, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს დახურეს. მოქალაქეებს შეუძლიათ ვალუტის გაცვლა ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის უფლება აქვთ. საგანგებო რეჟიმი საქართველოში 22 მაისს დასრულდება. გასულ კვირას პრემიერ – მინისტრმა გეორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს საგანგებო ვითარების კიდევ ერთი თვის გახანგრძლივებას.