მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ, იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.