კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში წარმოქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ შეწყვიტა. შეჩერებულია ახალქალაქის გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერიც.

აღნიშნული ტენდერით თურქეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინათ. ტენდერი 2020 წლის 10 მარტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. დეპარტამენტმა ამ სამუშაოებისთვის 2 686 610 ლარი გამოყო. ტენდერი კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» 2 227 227 ლარით მოიგო, მაგრამ ტენდერის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ის «შეჩერებულად» გამოცხადდა.

Jnews-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტში ტენდერის შეწყვეტის მიზეზის გარკვევა სცადა, სადაც უპასუხეს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შეწყვიტეს გამოცხადებული ტენდერები ისევე, როგორც შეწყდა ახალი ტენდერების გამოცხადება.

«კორონავირუსის გამო ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ ტენდერების გამოცხადება შეწყვიტა, რადგან ამ ვითარებაში სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. გამოცხადებული იყო 50 ტენდერზე მეტი, რომელთაგან მხოლოდ 11 დატოვეს. თქვენ მიერ აღნიშნულ ტენდერში (ახალქალაქის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი) ეწერა, რომ ამჟამად ეს სამუშაო პრიორიტეტულად არ ითვლება. ახლა, როდესაც შეზღუდვები იხსნება, ჩვენ ტენდერების ხელმეორედ გამოცხადების ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ ახლა გათვალისწინებული იქნება გზების პრიორიტეტულობა და მდგომარეობა»,- თქვა ნათია ცხოიძემ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერების განყოფილებიდან.