საქართველოში, კორონავირუსზე ამ დროისთვის 376 პაციენტი მკურნალობს. 27 ახალი შემთხვევიდან 13 პაციენტი ბოლნისიდან არის, ერთი თეთრიწყაროდან, 2 მარნეულიდან, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყაროს მოძიება მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა, მათგან ერთი მოზარდია.

„გუშინ 539 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 27 და ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6 და ახლა ჯამში 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს. 27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და ამჟამად 41 პაციენტი გვრჩება, საერთო ჯამში, 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა, იმ ორ გამოჯანმრთელებულში 1 მოზარდია. სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება, როგორც განსაკუთრებით მძიმე, სიტუაცია მართვას და მკურნალობას ექვემდებარება. რამდენიმე დღეში ისინიც თავიანთი მდგომარეობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.