2020 წელს, საქართველოს მოსახლეობა, წინა წელთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და პირველი იანვრის მდგომარეობით 3,7 მილიონი ადამიანი შეადგინა. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243).

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5%, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი – 15.1 %-ს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.4 წელს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 37 წელს.

2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105 107 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 %-ით გაიზარდა და 96 864 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2%-ს და ემიგრანტების 78.0%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.