თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან. შესაბამისად, ისინი ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.

„ინტერპრესნიუსს“ მთავრობის მიერ დაანონსებული ფინანსური დახმარების გაცემის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ესაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.

კითხვას, მიიღებენ თუ არა დახმარებას რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვითდასაქმებულებად აღრიცხავს, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს: „ ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად. რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელი, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას. რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამილა ბარკალაიამ განმარტა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინ პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

„იქმნება ონლაინ რეგისტრაციის პორტალი, სადაც თვითდასაქმებულს ან ადამიანს, რომელიც თავს თვითდასაქმებულად თვლის, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. ამ თვითდასაქმებულებს შორის არის ორი კატეგორია. ერთი – თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურ მეწარმეებად, მცირე და მიკრო ბიზნესად, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული ყველა თვითდასაქმებული ავტომატურადაა გათვალისწინებული, როგორც ამ დახმარების მიმღები პირი.

გაცილებით უფრო რთულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება. იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან თვითდასაქმებულად რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, თუმცა თვლიან თავს თვითდასაქმებულად, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეიყვანონ ონლაინ პორტალზე თავისი პირადი ინფორმაცია, ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის საქმიანობაში იყვანენ ჩართული და რა შემოსავალი ჰქონდათ პანდემიამდე და წარმოადგინონ იურიდიული პირისგან მიღებული საბუთი, რომელიც მათ დასაქმებას ადასტურებს. მაგალითად, ბაზარში მოვაჭრეების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთი, რომ პირს ნაქირავები აქვს დახლი, ასევე თუ ადამიანს გაქირავებული ჰქონდა ბინა და ტურისტების შემცირების გამო ვეღარ აქირავებს, საბანკო ამონაწერი უნდა წარადგინოს, სადაც ჩანს რომ booking.com-დან და Airbnb-დან აქვთ გადარიცხვები, ასევე თუ აბარებდნენ თავის პროდუქციას მაღაზიებში, მათ შესაბამისი ობიექტიდან უნდა წარადგინონ ცნობა, ასევე შეეძლება წარადგინონ მიღება-ჩაბარების აქტები ან ქვითრები. ასეთი ტიპის დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ კომისიური წესით მოხდება ამ საბუთების განხილვა და ვალიდურობის გადამოწმება, როს შემდეგაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.