ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საკრებულოს მიერ დამტკიცდა. ადგილობრივი ბიუჯეტი 9 645 500 ლარს შეადგენს.

ახალქალალქის ადგილობრივი ბიუჯეტი 2019 წელს 9,222,209 ლარს შეადგენდა. გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტის თანხა მხოლოდ 423 291 ლარის ოდენობით გაიზარდა.

2020 წლის შემოსავალი შეადგენს 9 535 500 ლარს, ხოლო ფინანსური აქტივების დამატებით 9 645 500 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დაახლოებით 68% ნაწილდება ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების უზრუნველყოფაზე. დანარჩენ ხარჯებში შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა მედია- 31 000 ლარი, ტაძრების ელექტროენერგია – 15 000 ლარი, ტაძრების გათბობა ( სომხური და ქართული ეკლესიები 7500 ლარებით, ბარალეთი, არაგვა, დილისკა- 3000 ლარი, ტურცხი- 1000 ლარი). ასევე სხვადასხვა ხარჯებსა და მასალებზე 89 100 ლარი გამოიყოფა. ადგილობრივი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 2 306 238 ლარით დააფინანსებს. კულტურულ ღონისძიებებსა და სპორტულ პროგრამებზე- 178 000 ლარია გათვალისწინებული. სოციალური პროგრამები- 808 000 ლარით ფინანსდება. სარეზერვო ფონდის თანხა არ შეცვლილა, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო, 2020 წელს ის 152 000 ლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის დანახარჯებისათვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტიდან 3 027 516.6 ლარით შემცირდა. წელს ეს თანხა 5 333 754.6 ლარს შეადგენდა, მომავალი წლის ბიუჯეტში 2 306 228 ლარს შეადგენს.

სპორტული, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება 43 005 ლარით შემცირდა.

დანარჩენი ორგანიზაციების ხარჯებში ცვლილებები მინიმალურია ან საერთოდ არ შეინიშნება.