ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 30 და 31 მარტს ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები მუშაობას განაგრძობენ.

„როგორც უწყების ხელმძღვანელს განცდა გამიჩნდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონიერება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს ან ნოტარიუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა. ისინი დაკეტილი დარჩება ხვალაც. დღეს და ხვალ დაკეტილი არის და იქნება ყველა ფრონტ-ოფისირეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ აქვე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი, რადგან სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურების, დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე იმისთვის, რომ შევძლოთ ხვალ დღის ბოლოს გამოვაქვეყნოთ ის თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლოთ. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ექნება ხვალ, სამუშაო დღის ბოლოსთვის კონკრეტული პასუხები, გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით, მაგრამ მაინც გახსნილი, რათა ეკონომიკური საქმიანობა არ გაჩერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 31 მარტიდან საერთო კარანტინი გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში უკვე დღეს, დილის 8 საათიდან შევიდა. დღეს, 21:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათიც, რას 21:00-დან 06:00-მდე იმოქმედებს და დროის ამ მონაკვეთში მათთვის ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს.

შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება, გაჩერებულია მეტრო. მკაცრი რეგლამენტი მოქმედებს ტაქსებისთვის. 2 მგზავრზე მეტის გადაყვანის უფლება არ აქვთ, მგზავრები უკანა სავარძლებზე უნდა განთავსდნენ. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში შეიქმნება მაკონტროლებელი პუნქტები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას გააკონტროლებენ, ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ და პირველად თერმოსკრინინგს ჩაატარებენ.

მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ საჭირო აუცილებლობის გარეშე – ახლო მდებარე აფთიაქის, სურსათის მაღაზიისა და საავადმყოფოს გარდა.