საქართველოში 30 მარტიდან იწყება პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ტელეარხის ეთერში ქვეყნის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სატელევიზიო გაკვეთილების ტრანსლირებას იწყებს. თავდაპირველად სომხური სკოლების მოსწავლეები შეძლებენ იხილონ გაკვეთილი “ქართული, როგორც მეორე ენა”.

დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში გაკვეთილების ტრანსლირება ყველა კლასისა და საგნის მიხედვით დაიწყება. ყველა კლასის მეცადინეობათა ცხრილი უკვე ცნობილია, ყოველდღიურად სამი გაკვეთილი ჩატარდება. ცალკე საათები ინგლისურ ენას და ლაბორატორიულ სამუშაოებს დაეთმო.

სომხური სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ ტელემეცადინეობებში მონაწილეობის მიღება. როგორც Jnews-ს პირველმა არხმა შეატყობინა, პირველ გაკვეთილად ჩაუტარდებათ „ქართული, როგორც მეორე ენა“, ხოლო შემდეგ ჩატარდება ზოგადი უნარების, მათემატიკის და სომხური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები.

„პირველ კვირას, როდესაც დაიწყება მეცადინეობები, პარასკევს „ქართული, როგორც მეორე ენა“ საგნის 3 გაკვეთილის ტრანსლირებას დავიწყებთ. ტელეგაკვეთილი უმცროსი, საშუალო და უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის 14:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება. ეს გაკვეთილი გათვლილია, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის. ხოლო მომდევნო კვირიდან ზოგადი უნარების, მათემატიკის და მშობლიური ენის ანუ სომხური ენის გაკვეთილები დაემატება“,- შეგვატყობინეს პირველი არხიდან.

Jnews-ის კითხვაზე, თუ იქნება რუსული ენის გაკვეთილების ტრანსლირება, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსული სკოლები, გვიპასუხეს, რომ რუსულზე არაფერი არ არის დაგეგმილი, გაკვეთილები იქნება მხოლოდ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

არხი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ პლატფორმაზე, ასევე პირველი არხის, Facebook-ისა და YouTube-ის გვერდებზე. და რაც ყველაზე მთავარი, გაკვეთილების ტრანსლირება ტელევიზიით იქნება, რათა ყველასთვის იყოს მისაწვდომი.